თამარ ჩუგოშვილი - სანქციების გამკაცრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ კანონის აღსრულება არ ხდება
თამარ ჩუგოშვილი - სანქციების გამკაცრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ კანონის აღსრულება არ ხდება

ცოტა ხნის წინ დავასრულეთ საარჩევნო პაკეტზე მუშაობა და რა საჭირო იყო ასე ცალკე ამოვარდნილად სანქციების გამკაცრებაზე კანონპროექტის დაინიცირება. ვერ მივხვდი, რას ემსახურებოდა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ ინიციატივას საარჩევნო კანონმდებლობაში სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები ისედაც უკანონო ქმედებებია. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, პრობლემა იმაშია, რომ კანონის აღსრულება სათანადოდ არ ხდება.

„სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ საარჩევნო პაკეტზე მუშაობა და რა საჭირო იყო ასე ცალკე ამოვარდნილად ამის დაინიცირება. ვერ მივხვდი, რას ემსახურებოდა. ყველა ეს ქმედება, რომელიც ამ კანონპროექტშია მოცემული, ისედაც წარმოადგენს დასჯად და უკანონო ქმედებას. პრობლემა იმაში კი არ გვაქვს, რომ პასუხისმგებლობის ზომები გვაქვს განსაზღვრული, პრობლემა იმაშია, რომ კანონის აღსრულება არ ხდება და თანასწორად არ არის გამოყენებული ყველა პირის მიმართ. შერჩევითი მიდგომა გვაქვს. ზოგიერთი პარტია პასუხს არ აგებს ასეთ დარღვევებზე, როცა სხვები აგებენ. პასუხისმგებლობა რომ გამკაცრდეს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუმცა, პრობლემა სანქციების ზომასა და სასჯელის ტიპში არ არის, პრობლემა იმაშია, რომ არ სრულდება კანონები, რომლებიც გვაქვს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოვიდა, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.