თამარ ჩუგოშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებები ჩემი ახირება კი არ არის, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი
თამარ ჩუგოშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებები ჩემი ახირება კი არ არის, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი

ამ ორ კენჭისყრაზე და განსაკუთრებით, გუშინ ხელისუფლება უფრო სწორად მოიქცა, ვიდრე ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„იმიტომ, რომ იქ უმრავლესობის მობილიზაცია ჩანდა, ოპოზიცია კი იმის იმედად იყო, რომ ჩვენ მაინც მივიდოდით, ხმას მივცემდით და შესაბამისად, ცვლილებები გავიდოდა, მაგრამ სულ პლუს ორი ხმა იყო. საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას 113 ხმა სჭირდება და 115 ხმა მიიღო. წარმოიდგინეთ, ორი-სამი ადამიანი რომ ფიზიკურად ვერ მოსულიყო, ან უბრალოდ, აზრი შეეცვალათ, ეს ამხელა პროცესი ისევ რისკის ქვეშ დგებოდა და ისევ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი ჩავარდნილიყო. ამ ცვლილებების მიღება ჩემი ახირება კი არ არის, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და ამის ჩაგდება კატასტროფა იქნებოდა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „საკონსტიტუციო ცვლილებები პირველად ძალიან ცუდი ფორმით ჩააგდო და მეორედაც სცადა ჩაგდება, როდესაც 8 მარტის შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„თქვენ გემახსოვრებათ პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი, როდესაც მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 8 მარტის შეთანხმების მთელი ეს პროცესი. პირველად რომ ჩააგდეს, ჩვენ წამოვედით და როდესაც მეორედ იყო მცდელობა ამის ჩაგდების, ჩვენ ვთქვით – არ მოგცემთ ამის საშუალებას და რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ამ ცვლილებებს მაინც დავუჭერთ მხარს. ჩვენ ვთქვით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ამ ცვლილებებს ვაძლევთ ხმას და ამით უკვე, ხელისუფლებას რეალურად აღარ ჰქონდა შანსი, ცვლილებები მორიგ ჯერზე ჩაეგდო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გახდა თემა გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელიც საკმაოდ წინააღმდეგობრივი წარსულის ადამიანია, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ როდესაც მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, იმაზე არ ვლაპარაკობთ, კარგ პერსონაჟს ასამართლებენ თუ ცუდს.

„იმ ადამიანმა რაც დააშავა, პასუხი იმაზე უნდა მოსთხოვონ და ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგებინოს. ვინ ამბობს, რომ რაღაც ჩაიდინა და პასუხი არ უნდა მოსთხოვო?! რატომ გახდა რურუა თემა და რატომ წამოვიდა ეს გზავნილები დასავლეთიდან?! იმიტომ, რომ ძალიან მარტივია – ვისაც ოდნავ მაინც რამე ესმის, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და მართლმსაჯულება, ყველა ხვდება, რომ თუ ეს არის ნეგატიური პერსონაჟი, იმიტომ, რომ წარსულში დააშავა რაღაცები, იმაზე უნდა მოსთხოვო პასუხი, რაც დააშავა და თუ დღეს ის პირობითად, შეკერილი საქმით ზის ციხეში იმიტომ, რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესშია გარეული, აქ პოლიტიკური ხელი იკვეთება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.