თამარ ჩუგოშვილი - სახელმწიფო სწორად იქცევა, როცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადასვლას არ ჩქარობს
თამარ ჩუგოშვილი - სახელმწიფო სწორად იქცევა, როცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადასვლას არ ჩქარობს

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სწორად იქცევა, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ჩქარობს.

როგორც ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არის უკიდურესი ზომა და ფაქტობრივად, ამის იქით აღარ არსებობს ზომა, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს.

„სხვადასხვა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სხვადასხვა დატვირთვა აქვს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავარი იყო ის, რომ პრეზიდენტს გამოუთავისუფლდებოდა თანხა, რომელსაც კონგრესის გარეშე განკარგავდა. ამერიკაში ეს ნაბიჯი სწორედ იმიტომ გადაიდგა, რომ თანხებზე წვდომა სჭირდებოდათ. ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას. ეს შეიძლება იყოს შეკრების, გადაადგილების, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის საქმიანობის შეზღუდვა. ეს ყველაფერი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ნაწილია. სახელმწიფო სწორად იქცევა, როცა არ ჩქარობს მაინც და მაინც უკიდურეს ზომაზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადასვლას, ამ თვალსაზრისით სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვას და ცდილობს, ჯერ სხვა ზომები ამოწუროს და თუ ვითარება გართულდება, შემოინახოს ბოლო ზომად საგანგებო მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა და ადეკვატურად იქცევიან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.