თამარ ჩუგოშვილი - საგამოძიებო კომისია სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ ისეთ საკითხებში ჩავიხედოთ, რომლებშიც ისე ვერ ვიხედებით
თამარ ჩუგოშვილი - საგამოძიებო კომისია სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ ისეთ საკითხებში ჩავიხედოთ, რომლებშიც ისე ვერ ვიხედებით

ირაკლი შოთაძის გადადგომა ჩემთან შეთანხმებული ნამდვილად არ ყოფილა და ვფიქრობ, ეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ვერ გეტყვით, ეს ვისთან იყო შეთანხმებული, მაგრამ ჩემთან შეთანხმებული რომ არ ყოფილა, ეს ზუსტად შემიძლია, გითხრათ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მისი აზრით, ეს ირაკლი შოთაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო იმ მოვლენების გათვალისწინებით, რა მოვლენებიც განვითარდა და იმ სასამართლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რა გადაწყვეტილებაც დღის პირველ ნახევარში დადგა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იყო თუ არა ირაკლი შოთაძის გადადგომა ხელისუფლებასთან შეთანხმებული, თუ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იმას, რომ გამოძიება სწორი გზით წარმართული არ იყო და ჰქონდა თუ არა მას კითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელმა სასამართლო გადაწყვეტილებამ ორი ალტერნატივა გააჩინა, ან პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი იმისთვის, რათა ამ საზარელ საქმეში მკვლელი და დამნაშავეები სრულად გამოვლენილიყვნენ, ან როგორც პროკურატურა ამბობდა, წარდგენილი იყო მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლომ სწორად არ შეაფასა.

„ან ერთია, ან მეორე. ან პროკურატურამ ვერ იმუშავა ისე, როგორც უნდა ემუშავა, ან პროკურატურის პოზიცია იყო, რომ ეს საქმე უნდა გაესაჩივრებინა და სააპელაციო სასამართლოში სხვა შედეგი დადგებოდა. დღეს ჩვენ ეს არ ვიცით, ეს დახურული, კონფიდენციალური საქმეა და ეს ინფორმაცია არათუ მე, არავის აქვს. საგამოძიებო კომისია სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ ისეთ საკითხებში ჩავიხედოთ, რომლებშიც ისე ვერ ვიხედებით“, -განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, იურიდიული დეტალები დღეს არავის აინტერესებს, რაც გასაგებია, რადგან ემოციები და ღელვა ჭარბობს, რაც ყველას გვაქვს, მაგრამ გამოძიება და საგამოძიებო კომისია სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ გავიგოთ, საქმეში რა ხდება ისე, რომ კითხვის ნიშნები არავის დარჩეს.