თამარ ჩუგოშვილი - საერთაშორისო დამკვირვებლების მითითებებს ყურადღებას ვანიჭებთ, რაც ქვეყანაში პროცესების კიდევ უფრო დემოკრატიულად წარმართვაში გვეხმარება
თამარ ჩუგოშვილი - საერთაშორისო დამკვირვებლების მითითებებს ყურადღებას ვანიჭებთ, რაც ქვეყანაში პროცესების კიდევ უფრო დემოკრატიულად წარმართვაში გვეხმარება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არ ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებას, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის ინიციატივამ ამომრჩეველზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.

„რაც შეეხება შავი სიების საკითხს, ამაზე მამუკა ბახტაძე საუბრობდა იმ დღიდან, რაც პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. ეს არის ინიციატივა, რომელიც მზადდებოდა თვეების განმავლობაში. არანაირად არ ვეთანხმები იმ შეფასებებს, რაც მოვისმინე, თითქოს ეს არის განსაკუთრებული გავლენის მომხდენი.

არის ბევრი რეკომენდაცია როგორც ადმინისტრაციული რესურსის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად, რადგან საქართველომ გამოიარა მნიშვნელოვანი გზა საარჩევნო გარემოს დასახვეწად“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ყურადღებით ეცნობიან დამკვირვებლების რეკომენდაციებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ მათ მითითებებს.

„მგონი მზად ვართ უკვე და შეგვიძლია, რომ განვითარების კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ საარჩევნო პროცესი. 2019 არის ის წელი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ საკანონმდებლო ბაზაში. ყურადღებით ვეცნობით დამკვირვებლების რეკომენდაციებს, განსაკუთრებით ყურადღებას ვანიჭებთ მათ მითითებებს. ეს გვეხმარება იმაში, რომ ქვეყანაში პროცესები კიდევ უფრო დემოკრატიულად წარიმართოს.

2019 წელს, ვფიქრობ, რომ ეს რეკომენდაციები იქნება კანონებში ასახული, ვინაიდან არჩევნებთან ახლოს, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები სასურველი არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დრო, ვიმუშაოთ მშვიდად, წყნარად და რეკომენდაციები, რომელიც მივიღეთ, ვაქციოთ საქმედ“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.