თამარ ჩუგოშვილი - როცა ფრაქცია მთავრობის წევრს პარლამენტში იბარებს, კანონით ვალდებულია, გამოცხადდეს
თამარ ჩუგოშვილი - როცა ფრაქცია მთავრობის წევრს პარლამენტში იბარებს, კანონით ვალდებულია, გამოცხადდეს

კომიტეტის თავმჯდომარე არის ვალდებული უზრუნველყოს კომიტეტზე დაბარებული მინისტრის მოსვლა,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, როცა ფრაქცია მთავრობის წევრს იბარებს, ის კანონით არის ვალდებული, რომ კომიტეტზე გამოცხადდეს.

„ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველოს მთავრობას პარლამენტთან გასჩენოდა ანგარიშვალდებულების გრძნობა და როცა პარლამენტის წევრები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ მოუსმინონ მთავრობის წარმომადგენელს, იქნება ეს მინისტრი, თუ ნებისმიერი სხვა პირი, მათ ეს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ეს არის კანონით განსაზღვრული ვალდებულება. მინისტრი ვალდებულია, რომ როცა პარლამენტის ფრაქცია მას იბარებს, ის უნდა გამოცხადდეს კომიტეტზე. დეტალების – თარიღის, დროის შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ ვალდებულება მას აქვს და ეს ამ შემთხვევაში არის კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობა, კომიტეტის თავმჯდომარე არის ვალდებული უზრუნველყოს მის კომიტეტზე დაბარებული მინისტრის მოსვლა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჯანდაცვის კომიტეტზე მინისტრის მისვლა ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ მოითხოვეს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძესა და დეპუტატ ლევან კობერიძეს წერილით მიმართა, რომ კომიტეტში მისი სტუმრობა მიმდინარე თვის ბოლო კვირაში გადაავადონ.