თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნება“ არ არის ჩამოყალიბებული, საპრეზიდენტო არჩევნებში რა ფორმით ჩაერთვება
თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნება“ არ არის ჩამოყალიბებული, საპრეზიდენტო არჩევნებში რა ფორმით ჩაერთვება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბებული არ არის, საპრეზიდენტო არჩევნებში რა ფორმით ჩაერთვება.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება თავად უნდა გააკეთოს, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს თუ არა.

„ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ გადაწყვეტილება არ მიგვიღია, არათუ კონკრეტულ პირზე, არამედ იმაზე, დამოუკიდებელ კანდიდატზე შევჯერდებით თუ არა. კოლეგების ნაწილი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ჩვენი გუნდის წევრი უნდა იყოს, ნაწილი ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა კარგის მაჩვენებელი იქნება. გადაწყვეტილი არ გვაქვს, მაინც და მაინც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა იქნება თუ არა ამოსავალი. სხვა ეტაპები არ გაგვივლია, დამოუკიდებელ კანდიდატზე არ ჩამოვყალიბებულვართ“, – აცხადებს ჩუგოშვილი.

დეპუტატის შეფასებით, ზოგადად, აღნიშნული პოსტისთვის სალომე ზურაბიშვილს რეპუტაცია, პატივისცემა და გამოცდილება აქვს, თუ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს.

„თუ დამოუკიდებელზე ჩამოვყალიბდებით, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ეს მისაღები უნდა იყოს. სრულიად მიუღებელ პირს მხარს ვერ დავუჭერთ. სალომე ზურაბიშვილთან ნორმალური თანამშრომლობა, ნორმალური სამუშაო გამოცდილება გვაქვს. საარჩევნო კამპანია სრულიად განსხვავებული იქნება, თუ ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება და თუ დამოუკიდებელ პირს დავუჭერთ მხარს, რადგან კანონი სხვადასხვა რეგულაციებს აწესებს და კანონის მოთხოვნებს ვერ გავცდებით”, – დასძენს ჩუგოშვილი.