თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად შეხვედრა შედეგიანი არ იქნება
თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად შეხვედრა შედეგიანი არ იქნება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციას კონსულტაციებში საპარლამენტო უმრავლესობის ჩართვა შედეგის მომტანი არ იქნება. ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამის მიზეზი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებული განცხადებებია.

„ვაპირებდით კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაკეთდა, იყო ისეთი ტერმინები გამოყენებული, როგორიცაა კინკლაობა და ა.შ, ჩავთვალეთ, რომ ეს შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება.

არ გვაქვს განცდა, რომ რეალური კონსულტაციები გაიმართება ორ მთავარ სუბიექტს შორის – ეს არის პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა, ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურ მზაობას რეალური კონსულტაციებისთვის, რომელიც აუცილებელია ამ პროცესში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფართო კონსულტაციები მიმდინარეობს.