თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი უფლებამოსილებას ახორციელებს კონსტიტუციის 49-ე თუ 52-ე მუხლის ფარგლებში, სტატუსი უცვლელია, ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად და პროტოკოლის დაცვა პატივისცემის გამოხატულებაა
თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი უფლებამოსილებას ახორციელებს კონსტიტუციის 49-ე თუ 52-ე მუხლის ფარგლებში, სტატუსი უცვლელია, ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად და პროტოკოლის დაცვა პატივისცემის გამოხატულებაა

მასპინძელი ქვეყნის მხრიდან პროტოკოლის წესის დაცვით მიღება, დახვედრა, დროშების ფონზე ფოტოგადაღება ვერ გამოდგება დასტურად, რომ სახეზე იყო პრეზიდენტის მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

ჩუგოშვილის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი უცვლელია, მიუხედავად იმისა, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კონსტიტუციის 49-ე თუ 52-ე მუხლის ფარგლებში. თამარ ჩუგოშვილის თქმით, პროტოკოლის წესის დაცვა არის პატივისცემის გამოხატულება მის, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურის და საქართველოს მიმართ.

„რაც შეეხება სამ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც წარმოდგენილია, როგორც თავად პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები, ასევე მასპინძლების განცხადებები, ორი ადამიანი მონაწილეობდა შეხვედრაში, ორივე მხარე ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ქმედება, პრეზიდენტების შეხვედრა, თუ ასევე შარლ მიშელთან შეხვედრა არ გაცდენია 49-ე მუხლისა და 78-ე მუხლის არეალს. ეს მოვლენა მთლიანად ექცეოდა 49-ე მუხლისა და 78-ე მუხლის ქმედებაში. მასპინძელი ქვეყნის მხრიდან პროტოკოლის წესის დაცვით მიღება, დახვედრა, დროშების ფონზე ფოტოგადაღება თავისთავად ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ სახეზე იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, მიუხედავად იმისა, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კონსტიტუციის 49-ე თუ 52-ე მუხლის ფარგლებში, უცვლელია. ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად და, შესაბამისად, პროტოკოლის წესის დაცვა არის პატივისცემის გამოხატულება მის, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მიმართ და საქართველოს მიმართ, როგორც იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ის წარმოადგენს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში ასრულებდა იმ როლს, რომელსაც კომბინაციაში მას განუსაზღვრავს კონსტიტუციის 49-ე და 78-ე მუხლები.

„წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ განუხორციელებია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის თანახმად. ის საგარეო ურთიერთობებში თავის როლს ასრულებდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად და, მიუხედავად იმისა, ის მოქმედებს 49-ე მუხლის, თუ 52-ე მუხლის შესაბამისად, თუ 49-ე და 78-ე მუხლების შესაბამისად, მას სხვა ქვეყანა მაინც დახვდება პატივით და ასეც უნდა იყოს. საქართველოს პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, ამ ორი მუხლიდან რომლის ფარგლებში წარმოადგენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, სათანადო პატივისცემით უნდა დახვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის იქ არ იყო არც მოლაპარაკების წარმოებისთვის, არც ახალი ვალდებულებების აღებისთვის, არამედ იყო ზუსტად იმ როლის შესასრულებლად, რომელსაც კომბინაციაში მას განუსაზღვრავს კონსტიტუციის 49-ე და 78-ე მუხლები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დასტურდება.

„ფაქტია, რომ ფორმალურად აღარ გასცემს მთავრობა თანხმობებს, მაგრამ ფორმალური თანხმობის არსებობა მას არც ესაჭიროება მთელ რიგ შემთხვევებში. მოვიყვანე უამრავი მტკიცებულება, საგარეო პოლიტიკაში წარმომადგენლობა ხორციელდება პრეზიდენტის მხრიდან იმდაგვარი, რომელიც არ გამომდინარეობს 52-ე მუხლიდან. შესაბამისად, საიდანღაც ხომ გამომდინარეობს? ეს არის ზუსტად 49-ე მუხლი. მთელი არსი ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ 49-ე მუხლის საფუძველზე პრეზიდენტს შეუძლია მთელი რიგი აქტივობების განხორციელება საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. ეს ერთი. მეორე – ამ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის სამი შეხვედრა, რომელიც სადავოდ გახადა პარლამენტმა, შინაარსობრივად მიეკუთვნებოდა 52-ე მუხლით განსაზღვრულ ქმედებას და არა 49-ე მუხლით განსაზღვრულ ქმედებას. სახეზე არ არის პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი კონსტიტუციური წარდგინების მოითხოვნა“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციურ წარდგინებას განიხილავს. დარბაზში იმყოფებიან უმრავლესობის დეპუტატებიც. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.