თამარ ჩუგოშვილი - პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 50-ლარიანი ჯარიმა ალბათ გამართლებულია, რათა ვირუსის გავრცელებისგან ერთმანეთი დავიცვათ
თამარ ჩუგოშვილი - პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 50-ლარიანი ჯარიმა ალბათ გამართლებულია, რათა ვირუსის გავრცელებისგან ერთმანეთი დავიცვათ

დამოუკიდებელ დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მართალია, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კარგი მდგომარეობაა, მაგრამ პოტენციურად საფრთხე არსებობს.

ამიტომ, ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული ზომები, რათა თუნდაც მინიმალური წესები დაცული იყოს.

„მთავარია, ჯარიმა არ იყოს არაპროპორციული, არათანაზომიერი და იმდენად დიდი, რომ საზოგადოებას სასჯელად დააწვეს. გვქონდა 3000-ლარიანი ჯარიმები და უფრო მკაცრი ზომებიც, რაც იყო არაპროპორციულად მკაცრი და ახლა უწევთ ფიქრი იმაზე, ჯარიმების ტვირთი როგორ მოუხსნან საზოგადოებას.

მოქალაქეების მხრიდან გარკვეული წესების შესრულება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. თუ პროპორციული ჯარიმა იქნება, შეიძლება, ეს გამართლებული იყოს და ამას არ ვეწინააღდეგები. ალბათ, 50-ლარიანი ჯარიმის საკითხი სუბიექტური შესაფასებელია, ეს ჯარიმა ვერც ძალიან დაბალი და ვერც ძალიან მაღალი იქნება. ალბათ, შესაძლებელია, ამ სიტუაციაში 50-ლარიანი ჯარიმა გამართლებული იყოს ისევ იმიტომ, რომ ერთმანეთი დავიცვათ ვირუსის გავრცელებისგან“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.

ცვლილებათა პროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 50 ლარით. ამასთან, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.

დატოვე კომენტარი