თამარ ჩუგოშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება სრულიად ამაზრზენი და მიუღებელია
თამარ ჩუგოშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება სრულიად ამაზრზენი და მიუღებელია

დარწმუნებული ვარ, რომ როგორც წინა შემთხვევაში პასუხისგებაში მიეცა საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, ამ ვიდეოების გავრცელების გამოც იგივე შედეგი დადგება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება სრულიად ამაზრზენი და მიუღებელია.

„მე ვიცი, რომ შსს და საგამოძიებო ორგანოები მაქსიმალურად ცდილობდნენ, იდენტიფიცირება გაეკეთებინათ და დაესაჯათ პირები, რომლებიც გამავრცელებლები შეიძლება ყოფილიყვნენ, და რომლებსაც სხვებისთვის შეიძლებოდა გაეგზავნათ ჩანაწერი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც წინა შემთხვევაში პასუხისგებაში მიეცა საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა ამ ვიდეოების გავრცელების გამო, იგივე შედეგი და რეაქცია მოჰყვება ახლაც და ასეც უნდა იყოს. შეუძლებელია, იდენტიფიცირებული ყოფილიყო და რეაგირება არ მომხდარიყო. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ სხვისი პირადი ცხოვრების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია და მიუხედავად იმისა, ქალი ხართ, კაცი, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, ამაზე არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მსგავსი რამ დაუშვებელია, მიუღებელია და მოჰყვება საპატიმრო სასჯელი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ პირები, რომლენიც ინფორმაციის პირველწყაროები არიან.

„როგორ ვიცი, ეს გამოსაძიებლად საკმაოდ მძიმე დანაშაულია. შსს მზად იყო, გამოეყენებინა მეგობარი ქვეყნების ექსპერტიზა, რომლის საგამოძიებო უნარები და შესაძლებლობები ბევრად განვითარებულია. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ზუსტად ვიცი, რომ ამ პირველწყაროს გამოსავლენად მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდა შსს. გასახსნელად ალბათ რთული დანაშაულია, მაგრამ იმედი მაქვს, უფრო გამოცდილი გამომძიებლების ჩართულობით იქნება შანსი, რომ პირველწყაროს მივაკვლიოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.