თამარ ჩუგოშვილი - პირადად მე ვეთანხმები კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც მარიხუანას კულტივაციას და ექსპორტს ეხება 
თამარ ჩუგოშვილი - პირადად მე ვეთანხმები კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც მარიხუანას კულტივაციას და ექსპორტს ეხება 

მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულმა საკანონმდებლო პაკეტის იმ ნაწილმა, რომელიც ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციას ეხება, ნეგატიური პოზიცია გამოიწვია და ლოგიკური იქნება, პარლამენტი ამ საკითხის განხილვას თუ გადადებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებისთვის დამატებით დროს გამოიყენებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ გააგრძელებენ კანონმდებლობაზე მუშაობას.

„კანონპროექტი ორი ნაწილისგან შედგება. როგორც ჩანს, კანონპროექტის პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მოხმარების რეგულაციას შეეხება, ნაკლები დისკუსია არსებობს. ბევრად მეტი დისკუსია გამოიწვია კანონპროექტის მეორე ნაწილმა, რომელიც შეეხებოდა ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის საკითხს. ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ გადავდოთ ამ საკითხის განხილვა, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების თითქმის ყველა წრეში ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ან ჩვენ გვჭირდება, ერთი მხრივ, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, თუ ზუსტად რა იგულისხმება, ან ჩვენ თავად გვჭირდება, რომ მეტად მოვისმინოთ მოსახლეობის აზრი ამასთან დაკავშირებით.

ვინაიდან არის რეაქციები არაერთგვაროვანი და გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა და ბუნებრივია, რადგან არ არის მარტივი საკითხი, ამიტომ დამატებით დროს გამოვიყენებთ კონსულტაციებისთვის და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გავაგრძელებთ ამ კანონმდებლობაზე მუშაობას“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, პირადად ის მარიხუანას ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის ნაწილს და ექსპორტის მიზნებისთვის გამოყენებას ეთანხმება. ჩუგოშვილის განცხადებით, ამ საკითხზე საპატრიარქოს აზრს დიდი გავლენა აქვს.

„ფარმაცევტული მიზნებისთვის კულტივაციის ნაწილს და ექსპორტის მიზნებისთვის, პირადად ვეთანხმები, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ეთანხმება.

გადამწყვეტი იყო მთლიანად საზოგადოების პოზიცია, რადგან საერთო პოზიცია იყო ნეგატიური ამ საკითხის მიმართ და ამიტომ არ გამოვყოფდი რომელიმე ერთ ჯგუფს, თუმცა, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს აზრს აქვს ძალიან დიდი გავლენა“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა.

მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა კი კობახიძის თქმით, საჩქარო არ არის.