თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თქვას, იმსახურებს თუ არა კონკრეტული პირი, გახდეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე
თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თქვას, იმსახურებს თუ არა კონკრეტული პირი, გახდეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე

იუსტიციის საბჭოს დღევანდელ შეხვედრებს რომ ვუყურებდი, მქონდა ასეთი განცდა, რომ იყო ორ ალტერნატიულ ადგილას გახსნილი ღია ცეცხლი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ერთი მხრივ, ეს იყო იუსტიციის საბჭოს გასვლითი სხდომა, გაფართოებული, რაღაც უცნაური შემადგენლობით, სადაც ძალიან ბევრი მოსამართლე ესწრებოდა და მეორე მხრივ, მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრა და განხილვა, სასამართლოს თემასთან დაკავშირებით. ორივე შეხვედრა დასრულდა ისე, რომ ადამიანები ერთმანეთს ძალიან მკაფიოდ და მწვავედ უპირისპირდებიან, მაგრამ არ იყო განხილვა, რეალურად გამოსავალი რა არის. ანუ, რეალურად, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა მივიღოთ ისეთი, როგორიც ყველას გვინდა, რომ მივიღოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ის ყველაფერი, რა პროცესშიც ახლა ვართ, 24 დეკემბერს დაიწყო, როცა იუსტიციის საბჭომ პარლამენტს ათკაციანი სია გაუგზავნა და უთხრა – ეს ვართ ის ადამიანები, ვინც გვინდა, უზენაეს სასამართლოში დავინიშნოთ, რაზეც პარლამენტმა უარი თქვა.

„ამ ნაწილში პარლამენტმა თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა და თქვა, რომ უზენაეს სასამართლოში თვრამეტი მოსამართლის უვადოდ დანიშვნა არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც ასე, ხელის ერთი მოსმით და სიის გამოწოდებით ვერ მოხდება. ამის შემდეგ ჩვენ ვთქვით და შევთანხმდით ასეთ რაღაცაზე, რომ ამ სიას არ ვიღებთ და დავწერთ წესებს, როგორ უნდა შეარჩიოს იუსტიციის საბჭომ ის კანდიდატები, რომლებსაც პარლამენტს მოსამართლეობისთვის წარმოუდგენს და, რომლებზეც შემდეგ, პარლამენტმა უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თითოეულ ადამიანთან დაკავშირებით თქვას, იმსახურებს თუ არა ეს კონკრეტული პირი, გახდეს საქართველოს უვადოდ დანიშნული უზენაესი მოსამართლე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში სასამართლო შემდგარი არ არის და რეფორმების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ყველამ თავი დაგვანებოს, ყველამ შეგვეშვას და ყველამ გვაცადოს, რომ ჩვენი საქმე გავაკეთოთ. დაახლოებით, რაღაც ასეთი ხაზია, რაც მოსამართლეების საუბრებიდან იკვეთება. შეიძლება, მოსამართლეებს და სასამართლო სისტემას მოსწონს, სასამართლო სისტემა როგორიც არის, მაგრამ მათ უნდა გაიგონ, რომ ის ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს არ მოსწონს. რეფორმა გასაგრძელებელია და აქვე უნდა ვთქვა მეორე ნაწილიც – იმაზე საუბარი, რომ არსებობს სია, რომელიც დასასჯელი, გასაკულაკებელი მოსამართლეების სიაა და ასე ვთქვათ, ახლა, ამ ადამიანებს უნდა გადავუაროთ, არც ეს მიდგომაა სწორი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, არსად არ მიგვიყვანს და ქვეყნისთვის არაფრის მომცემი არ არის ასეთი საუბრები, რომ სასამართლოში ყველაფერი კარგადაა და რომ არაფერი არ არის საჭირო და არც ის, რომ ვიღაცები დასახოცი არიან.