თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საპარლამენტო ფორმატებში მიიღონ ინფორმაცია გარეჯზე, თუმცა მათი უფლებაა, ამ თემაზე შეიკრიბონ  
თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საპარლამენტო ფორმატებში მიიღონ ინფორმაცია გარეჯზე, თუმცა მათი უფლებაა, ამ თემაზე შეიკრიბონ  

დავით გარეჯთან დაკავშირებით ყოველთვის სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზე ჰკითხეს.

მისი თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ფარგლებში, ორივე მხარე ცდილობს საზღვრების დადგენის პროცესში პროგრესი იყოს.

„ჩემი ინფორმაციით, კომისიაში ორივე მხარე ცდილობს და განსაკუთრებით ბუნებრივია ჩვენ, რომ საზღვრების დადგენის პროცესი ისევ არ გაიყინოს და გარკვეული პროგრესი ამ კუთხით გვქონდეს. რთული თემაა, ამიტომ მარტივად ეს საკითხი ვერ მოგვარდება, მაგრამ ცხადია, მცდელობა არის. ვფიქრობ, პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, საპარლამენტო ფორმატებში მიიღონ ამის შესახებ ინფორმაცია. მიმაჩნია, რომ ამისთვის აქციები აუცილებელი არ არის, თუმცა ბუნებრივია, მათი უფლებაა ამ თემაზე შეიკრიბონ“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

„პატრიორტთა ალიანსი“ დღეს თბილისში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით აქციის გამართვას გეგმავს.