თამარ ჩუგოშვილი - NDI-ის კვლევა შესაძლებლობაა, მოსახლეობის განწყობებს გადავხედოთ
თამარ ჩუგოშვილი - NDI-ის კვლევა შესაძლებლობაა, მოსახლეობის განწყობებს გადავხედოთ

NDI-ის კვლევა შესაძლებლობაა, მოსახლეობის განწყობებს გადავხედოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოკითხვაში გამოიკვეთა რამდენიმე ახალი პრობლემა, როგორიცაა გარემოს დაცვის საკითხი და ასევე დასაქმების პრობლემა.

“მთავრობის საქმიანობის მიმართ გაზრდილია მოსახლეობის შეფასების დამოკიდებულება, ასევე ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მიმართ საკმაოდ მაღალი ნდობაა გამოცხადებული ამ კვლევის მიხედვით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, საქართველოში მუდმივად არის მაღალი მხარდაჭერა როგორც ევროკავშირის ასევე ნატო-ს მიმართ, ეს სტაბილურად მაღალი რიცხვია, ზოგიერთ წევრ ქვეყანაზე მაღალიც კი, შეიძლება ამის თამამად თქმა. თუმცა კონკრეტულად ის საკითხი, რომელიც შეეხება სამხედრო ძალების სიძლიერეს, ჩემთვის რთული სათქმელია, რამ გამოიწვია ასეთი პასუხი, შეიძლება ეს განპირობებული იყოს იმით, რომ საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, საფრთხეს რუსეთის არმია წარმოადგენს და შესაბამისად, მათი ძალა ჩვენთვის უფრო სახიფათოა”,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.

NDI-ის კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. 15% თვლის, რომ რუსეთი და აშშ თანაბარი სიძლიერის არიან, ხოლო 36% ფიქრობს, რომ სამხედრო უპირატესობას აშშ ფლობს. კითხვაზე პასუხი არ აქვს 8%-ს.

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.