თამარ ჩუგოშვილი - მთავრობის ზედამხედველობა და პარლამენტის მუშაობა ცირკი არ არის და პოლიტიკურ შოუდ არ უნდა იქცეს
თამარ ჩუგოშვილი - მთავრობის ზედამხედველობა და პარლამენტის მუშაობა ცირკი არ არის და პოლიტიკურ შოუდ არ უნდა იქცეს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინისტრების მხრიდან არც ერთი უარი არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს მათი ძალიან სერიოზული პლუსია, რომ ისინი ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ, იზიარებენ და პარლამენტის წევრების შეკითხვებს პასუხს სცემენ, როგორიც არ უნდა იყოს ეს შეკითხვები. ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე. სამწუხაროდ, ეს არასდროს ყოფილა და ახლა უნდა მოვახერხოთ, რომ გადავიყვანოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა პარლამენტის მუშაობის ხარვეზი ის, რომ განათლების მინისტრს ლამის ცარიელ დარბაზში მოუხდა გამოსვლა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში საკითხის ინიციატორი „ევროპული საქართველო“ იყო და ეს მათი პასუხისმგებლობაა.

„როდესაც პარლამენტის ექვსი წევრი ხელს აწერს წერილს და აგზავნის, ნებისმიერი პირი ვალდებულია, მოვიდეს და ამ კითხვებს პირადად უპასუხოს. როცა ასეთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს იყენებ, როგორიც არის ინტერპელაცია და სინამდვილეში, მასხრად იგდებ როგორც შენს თავს, ასევე იმ ორგანოს, რომელსაც წარმოადგენ, ანუ, პარლამენტს ეს არის უპასუხისმგებლობაზე უფრო მეტად უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეკითხვაზე, რა არის ხარვეზი ამ მიმართულებით, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მაგალითად, ძალიან კარგი პროცედურაა „მინისტრის საათი“, რომლითაც პარლამენტში სამი მინისტრი იყო მისული, ორ შემთხვევაში ეს ორ დღეს გაგრძელდა და შეიძლება, ცოტა ადეკვატურ დრომდე იქნას დაყვანილი.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მთავრობის ზედამხედველობა და პარლამენტის მუშაობა ცირკი არ არის და ეს პოლიტიკურ შოუდ არ უნდა იქცეს.

„რა თქმა უნდა, აქ შოუს ელემენტები არის ხოლმე, მაგრამ პარლამენტის მიერ მთავრობის ანგარიშვალდებულების კონტროლი პოლიტიკურ შოუდ არ უნდა გადაიქცეს. მე ჩვენი განვითარების შემდეგ ეტაპს ასე ვხედავ – ეს ზედამხედველობა და კონტროლი უნდა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული თემატურ, შინაარსობრივ, სიღრმისეულ პრობლემებზე და ჩვენ ეს დავიწყეთ. მაგალითად, ერთ-ერთი თემა არის ჰაერის დაბინძურება, რომელზეც ძალიან სიღრმისეულად ვმუშაობთ “, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.