თამარ ჩუგოშვილი - მთავარია, რომ ტატუნაშვილთან დაკავშირებული ორივე რეზოლუცია არის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული
თამარ ჩუგოშვილი - მთავარია, რომ ტატუნაშვილთან დაკავშირებული ორივე რეზოლუცია არის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული

პარლამენტის  პირველ ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ახალი ინფორმაცია არ აქვს.

რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო რეზოლუციას, ჩუგოშვილის განცხადებით, განხილვის დაწყებისას, შესაძლოა, ოპოზიციის მიერ ინიცირებული რეზოლუციის გათვალისწინებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში გარკვეული ცვლილებები აისახოს.

„სამწუხაროდ, არ მაქვს რაიმე ახალი ინფორმაცია ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა ეს.

რაც შეეხება რეზოლუციას, რეზოლუციასთან დაკავშირებით ორი სხვადახვა პროექტი არის საქართველოს პარლამენტში ინიცირებული. ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მხრიდან.

ვფიქრობ,როდესაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, შესაძლებელია, ოპოზიციის მიერ მიღებული რეზოლუციდან გარკვეული საკითხები აისახოს უმრავლესობის რეზოლუციაში, ჯერჯერობით, თქმა გამიჭირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ორივე დოკუმენტის სულისკვეთება საერთოა – ორივე არის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული.

„ორივე ეხმიანება იმ შემზარავ ფაქტებს, მკვლელობებს, როგორიც არის არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას საქმე“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.