თამარ ჩუგოშვილი - მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად წარიმართება
თამარ ჩუგოშვილი - მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად წარიმართება

ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი, საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად წარიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„ჩვენი საერთო მიზანი არის ის, რომ მთავარი პროკურორის მიმართ ნდობის მანდატი საზოგადოების მხრიდან იყოს ძალიან მაღალი, სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ ყველა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი ინფორმაციით, კონსულტაციები მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორთანაც შედგება.

„მთავარი პროკურორის არჩევის საკითხი კანონმდებლობით საკმაოდ დეტალურადაა დარეგულირებული, ის ითვალისწინებს მათ შორის კონსულტაციებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან და სწორედ ასეთი კონსულტაციების მეშვეობით წარიმართება ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი. ძირითადი წამყვანი როლი ამ ყველაფერში გააჩნია იუსტიციის სამინისტროს და მთავარ პროკურატურას, უკვე შემდგომ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. შერჩევა წარიმართება დადგენილი წესებით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ შალვა შავგულიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კომენტარისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ პროცესი კანონის დაცვით წარიმართება და აირჩევა შესაბამისი პირი.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა.  მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.

მთავარი პროკურორის არჩევის წესის თანახმად, მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, ხოლო, თუ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადის გასვლამდე შეუწყდა – უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების პროცესში ჩართულია, როგორც საპროკურორო საბჭო, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. მთავარი პროკურორის არანაკლებ სამ კანდიდატურას (რომელთაგან ერთი მესამედი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის) ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე – იუსტიციის მინისტრი.  მინისტრი ერთი თვის განმავლობაში წინასწარ კონსულტაციებს გადის აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.