თამარ ჩუგოშვილი - მთავარი პროკურორი პოლიტიკისგან და ნებისმიერი პარტიისგან დისტანცირებული უნდა იყოს, ეს ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად მიმაჩნია
თამარ ჩუგოშვილი - მთავარი პროკურორი პოლიტიკისგან და ნებისმიერი პარტიისგან დისტანცირებული უნდა იყოს, ეს ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად მიმაჩნია

მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში იუსტიციის მინისტრს აქვს გამოკვეთილი როლი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა მზაობა დააფიქსირა, რომ გაიაროს ღია და საჯარო კონსულტაციები დაინტერესებულ პირებთან – არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.

„პარლამენტის როლი გამოიკვეთება ამ პროცესში მას შემდგომ, რაც პარლამენტისთვის  კანდიდატურა იქნება შემოთავაზებული. ჯერჯერობით, ჩვენ არ ვართ ამ პროცესში ჩართული.ჩავერთვებით მას შემდეგ, რაც დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი პირი. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია,  როგორც არა ერთხელ გვითქვამს, მთავარი პროკურორი, რომლის მიმართაც საზოგადოების მაღალი ნდობა იქნება. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა კანონით დეტალურად არის გაწერილი.

მან კონკრეტული პირების შეფასებისგან, რომლებიც უკვე დასახელდნენ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურებად, თავი შეიკავა.

„ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკისგან და ნებისმიერი პარტიისგან, დისტანცირებული იყოს მთავარი პროკურორი. ეს ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად მიმაჩნია. მთავარი ამოსავალი საზოგადოების მაღალი ნდობაა“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა.  მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.