თამარ ჩუგოშვილი - მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს, ნუ შეეცდებიან პოლიციის გადაადგილების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ეს დარღვევა იყოს
თამარ ჩუგოშვილი - მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს, ნუ შეეცდებიან პოლიციის გადაადგილების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ეს დარღვევა იყოს

მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს, ნუ შეეცდებიან პოლიციის დანაყოფების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ამ ქმედებაში რაიმე დარღვევა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არჩევნების პროცესი, საერთო ჯამში, მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, რასაც ასევე ადასტურებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებიან არჩევნების მიმდინარეობას. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების და „რუსთავი 2“-ის მხრიდან ადგილი აქვს და მცდელობა არის, რომ დაძაბული საარჩევნო ფონი იქნას წარმოჩენილი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, სხვა ინფორმაციებთან ერთად, ასევე გავრცელდა ინფორმაცია პოლიციის დანაყოფების გადაადგილების შესახებ.

„ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია და ბუნებრივია, რომ არჩევნების დღეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპოლიციო ძალები გადანაწილებული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით და პოლიცია გააგრძელებს გადაადგილებას დღის განმავლობაში, როგორც ეს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ამიტომ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს მოვუწოდებთ, ნუ შეეცდებიან პროცესების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ჩამოთვლილ ქმედებებში რაიმე დარღვევა იყოს. ეს ასე არ არის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე მიმართა „ქართული ოცნების“ აქტივს, იმუშაონ მშვიდად.

„გვაქვს თხოვნა, რომ მხოლოდ კანონისმიერი პასუხით უპასუხოთ ნებისმიერ პროვოკაციას, რაც თქვენს მიმართ შეიძლება განხორციელდეს. ყველა დარღვევის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი, ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო დღე წარიმართოს მშვიდად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში დააფიქსირონ ნება. შესაბამისად, არავის მისცეთ შესაძლებლობა, დისონანსი შეიტანოს საარჩევნო პროცესში. ეს არის მოწოდება, პირველ რიგში, ჩვენი მხარდამჭერების მიმართ და შემდგომ დანარჩენი პირების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.