თამარ ჩუგოშვილი -  მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქზე გაამახვილონ  ყურადღება
თამარ ჩუგოშვილი -  მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქზე გაამახვილონ  ყურადღება

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართავს.

ჩუგოშვილის თქმით, მათი როლი და მონაწილეობა პროცესში  ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. თქვენი როლი და მონაწილეობა ამ პროცეში არის ძალიან მნიშვნელოვანი.  ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ ვაკვირდებოდით ვითარების დაძაბვის მცდელობებს, განსაკუთრებით ზუგდიდის საარჩევნო ოლქში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება“ მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

„ამის შესახებ ჩვენ მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ვატყობინებდით მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომლებსაც ჰქონდა ადგილი ან შეიძლება, ადგილი ჰქონოდა კენჭისყრის დღეს, ანუ დღეს.  შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა დამკვირვებელ ორგანიზაციას, სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქზე გაამახვილონ ყურადღება.

დარწმუნებული ვართ, მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ და ყველა ერთად დღის ბოლოს ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.  მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.