თამარ ჩუგოშვილი - მივმართავ პოლიტიკოსებს, გააცნობიერონ აქციის გამართვისა და ხალხის ორგანიზების პასუხისმგებლობა, როცა დაპირისპირების რისკი ასეთი მაღალია
თამარ ჩუგოშვილი - მივმართავ პოლიტიკოსებს, გააცნობიერონ აქციის გამართვისა და ხალხის ორგანიზების პასუხისმგებლობა, როცა დაპირისპირების რისკი ასეთი მაღალია

პუშკინის სკვერში აქციის მონაწილეებს წინ მოუძღვებიან პოლიტიკოსები. მინდა მივმართო მათ, გააცნობიერონ რამხელა პასუხისმგებლობაა აქციის გამართვა და ხალხის ორგანიზება, როცა დაპირისპირების რისკი ასეთი მაღალია , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, ნებისმიერი დესტაბილიზაცია მხოლოდ მტრის ინტერესშია

„დილიდან ვაკვირდებით მოვლენებს პარლამენტის შენობის წინ. ვაკვირდებით ორ სხვადასხვა აქციას და მათი ორგანიზატორების განცხადებებს. ყველანი ვხვდებით, რომ ეს აქციები შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში. ამ სიტუაციაში აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ევალებათ ყველა ზომას მიმართონ, რათა თავიდან ავიცილოთ ფიზიკური დაპირისპირება.

ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს არ მოხდეს ესკალაცია, პატრულის უფროსმა თხოვნით მიმართა, რომ არ მომხდარიყო აქციის მონაწილეების დაძრა პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიიდან. თუმცა ასევე პირდაპირ ეთერში ვხედავთ, რომ პუშკინის სკვერში მიმდინარე აქციის მონაწილეებს წინ მოუძღვებიან პოლიტიკოსები. მინდა მივმართო მათ, რომ გააცნობიერონ რამხელა პასუხისმგებლობაა აქციის გამართვა და ხალხის ორგანიზება, როცა დაპირისპირების რისკი ასეთი მაღალია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ!

შსს ყველაფერს გააკეთებს, რომ აღკვეთოს ძალისმიერი ქმედებები მომიტინგეთა მხრიდან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს უპირველეს ყოვლისა ორგანიზატორების და აქციის მონაწილეების პასუხისმგებლობაა. ყველამ ცოტა უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე. ნებისმიერი დესტაბილიზაცია მხოლოდ მტრის ინტერესშია და ამ სიამოვნებას მტერს ნუ მივანიჭებთ“,- წერს თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქზე“.