თამარ ჩუგოშვილი - მამუკა ბახტაძის სტრასბურგში ვიზიტი და ევროსაბჭოს ყველა თანამდებობის პირთან შეხვედრა ძალიან წარმატებული იქნება
თამარ ჩუგოშვილი - მამუკა ბახტაძის სტრასბურგში ვიზიტი და ევროსაბჭოს ყველა თანამდებობის პირთან შეხვედრა ძალიან წარმატებული იქნება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სტრასბურგში ვიზიტი და ევროსაბჭოს ყველა თანამდებობის პირთან შეხვედრა ძალიან წარმატებული იქნება – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს აქცენტებს გაამახვილებს იმ 20-წლიან პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ აქვს.

„ევროპის საბჭოს წევრობის 20 წელს აღვნიშნავთ. სწორედ ამას ეძღვნება ვიზიტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა. საუბარი იქნება მიღწევებზე, იმაზე, თუ როგორ შეასრულა 20 წლის წინ აღებული ვალდებულებები საქართველომ, რა პროგრესი გვაქვს და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

ბუნებრივია, როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ, უპირველესად, ვსაუბრობთ რუსეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომლებიც ამ რეგიონებშია.

ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდეგ, საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მამუკა ბახტაძის გამოსვლამდე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე „ჩაკრულო“ შესრულდება.