თამარ ჩუგოშვილი - კრიზისს ერთადერთი რამ გამოიწვევს, თუ არჩევნები უსამართლო სისტემით და მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდება
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ის გამოიწვევს, თუ საპარლამენტო არჩევნები უსამართლო საარჩევნო სისტემით და მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდება.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, როცა პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩავარდა, უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატები იმას ამბობდნენ, რომ არჩევნები ჩატარდებოდა თუ არა, ძალაში პროპორციული საარჩევნო სისტემა შევიდოდა, უსამართლო სისტემით ჩატარებული არჩევნები მუდმივ პოლიტიკურ რყევებს გამოიწვევდა და ქვეყანა იმ რეალობის წინაშე დადგებოდა, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო.
„ამას რატომ ვამბობდით? იმისთვის, რომ მმართველი გუნდი დათმობაზე წამოსულიყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამის ნაცვლად, დღეს რა მოვისმინეთ? – მოვისმინეთ, რომ მართალია, საფრთხე არსებობს და 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, მაგრამ პარლამენტში ბევრი ადგილით არაპროპორციულ რაოდენობას მივიღებთ და შემდეგ ეს რომ არ გაგვიპრობლემდეს, ამიტომ, ავდგებით და 2024 წლამდე გარანტირებულად კონსტიტუციაში ჩავწერთ შერეულ საარჩევნო სისტემას. ეს არის ყველაზე არასწორი ფორმა და მიდგომა. კრიზისს ერთადერთი რამ გამოიწვევს, თუ არჩევნები უსამართლო საარჩევნო სისტემით და მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდება. საჭიროა, სისტემა უსამართლო არ იყოს და არჩევნები ჩატარდეს სწორად და დარღვევების გარეშე. ამის ნაცვლად იმის თქმა, რაც უკვე კონსტიტუციაში წერია და ერთად გაკეთებული მონაპოვარია, ისიც დგება სერიოზული კითხვისა და რისკის ქვეშ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება, რომ 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს.