თამარ ჩუგოშვილი - კარგი იქნებოდა, ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჩივრების განხილვას დაესწროს და რაღაც დამატებითი სპეკულაციების საბაბი არავის მიეცეს
თამარ ჩუგოშვილი - კარგი იქნებოდა, ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჩივრების განხილვას დაესწროს და რაღაც დამატებითი სპეკულაციების საბაბი არავის მიეცეს

ცესკო-ს და კომისიებს შეუძლიათ, საჩივრების განხილვაზე სხვა პირებს მისცენ დასწრების უფლება, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას თბილისისა და რამდენიმე რეგიონის საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე მოვლენებზე საუბარისას განაცხადა.

„წესია ის, რომ პარტიას ამ პროცესში თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს და ეს უნდა იყოს დაცული. რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატის მონაწილეობას, ცესკო-ს და კომისიებს შეუძლიათ, სხვა პირებს ამის უფლება მისცენ. მე ეს დეტალები არ ვიცი, ოთახში ახლა ვინ არის, ვინ არ არის და შესვლა ვის უნდა, მაგრამ ზოგადად, ახლა არსებული პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობა, გამჭვირვალობის ინტერესი და დაძაბულობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა, ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამ პროცესს დაესწროს და რაღაც დამატებითი სპეკულაციების საბაბი არავის მიეცეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებსაც აქვთ ლეგიტიმური უფლება, პროტესტის ისეთი ფორმები გამოიყენონ, როგორსაც იყენებენ.

„სანამ ეს საჩივრები, მით უმეტეს, ამ მასშტაბის საჩივრები სწორად არ იქნება განხილული და არ დაკმაყოფილდება საჩივრები იქ, სადაც საჩივარს ობიექტურად ეკუთვნის დაკმაყოფილება, მანამდე მათაც აქვთ ლეგიტიმური უფლება, პროტესტის ასეთი ფორმები გამოიყენონ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, არ აქვს შეგრძნება, რომ ცესკო პასუხისმგებლობას გრძნობს.

„მე, როგორც გარედან დამკვირვებელ პირს, რომელიც უბრალოდ, ძალიან დეტალურად ვადევნებ თვალ-ყურს ყველაფერს, რაც საჯარო სივრცეში ხდება, მაქვს რამდენიმე დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა. ერთი, რომ ეს არ იყო კარგად ჩატარებული და ადმინისტრირებული არჩევნები. ეს იყო ცუდად ჩატარებული არჩევნები. პრობლემები ზედაპირზეა. იმისთვის, რომ ცესკო-მ მწყობრში ჩააყენოს ვითარება, რომელიც თავისი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით და ცუდად მართული პროცესით არია, აუცილებელია, გაასწოროს ყველა ის ხარვეზი, რაც კენჭისყრის დროს დაფიქსირდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.