თამარ ჩუგოშვილი - იმედი მაქვს, ვენესუელა შეუერთდება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც სრულად აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
თამარ ჩუგოშვილი - იმედი მაქვს, ვენესუელა შეუერთდება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც სრულად აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში, ჯორჯ ვაშინგტონის ევროპული, რუსული და ევრაზიული სწავლებების ინსტიტუტში გამართული დისკუსიისას ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე და იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელა შეუერთდება იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც სრულად აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ვენესუელაში განვითარებული მოვლენები დადებით იმედს გვინერგავს, რადგან ვენესუელა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც რუსეთის გავლენით აღიარეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ვენესუელის პოლიტიკურ სპექტრში განვითარებული ცვლილებები, იმედი გვაქვს, გააუქმებს ამ აღიარებას და ვენესუელა შეუერთდება იმ ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც სრულად აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამრიგად, კონგრესის ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ერთობ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რისთვისაც უაღრესად მადლიერი ვართ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის პარლამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაკისრებას იმ ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.

„ჩვენ ვცდილობთ, მოვახდინოთ მიზანმიმართული სანქციების მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აწამეს და მოკლეს საქართველოს მოქალაქეები. ამ ადამიანებს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ რუსეთისა და რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი რეჟიმების მიერ. ისინი დღესაც დაუსჯელები არიან, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დამადასტურებელი მასალა არსებობს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორპარტიული დადგენილება, რომელსაც მხარი დაუჭირა ყველა პოლიტიკოსმა, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა. ამ საკითხზე ყველა მათგანი შეთანხმდა, რომ ამ ადამიანებს უნდა დაეკისროთ სანქციები. დღეს, ჩვენ უკვე ვესაუბრებით საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე ამერიკის კონგრესს და ვცდილობთ, მოხდეს ამ სანქციების დაკისრება დანაშაულში მხილებულ ადამიანებზე“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.