თამარ ჩუგოშვილი- იმედი მაქვს, არასამთავრობოების მხრიდან შეთავაზებული ომბუდსმენის კანდიდატურებიდან პარლამენტი რომელიმეზე შეჯერდება
თამარ ჩუგოშვილი- იმედი მაქვს, არასამთავრობოების მხრიდან შეთავაზებული ომბუდსმენის კანდიდატურებიდან პარლამენტი რომელიმეზე შეჯერდება

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ სახალხო დამცველის შერჩევისას არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციის გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება.

“ვფიქრობ, მესამე სექტორის მიერ დასახელებული კანდიდატები ღირსეულები არიან. მათ დამტკიცებული აქვთ ერთგულება ადამიანის უფლებების საქმეში. პარლამენტის მხრიდანაც იქნება ღირსეული გადაწყვეტილება, თუ პარლამენტი ამ ოთხ კანდიდატიდან გაიზიარებს ერთ-ერთს. იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა ოთხიდან რომელიმეზე შეჯერდება. ფავორიტი არ მყავს და არც ვაპირებ ამაზე საუბარს”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოთხი კანდიდატურა დაასახალეს: ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე.

სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება. კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს. პროცედურის გათვალისწინებით, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან.