თამარ ჩუგოშვილი - გიორგი მარგველაშვილის მხრიდან კარგი ჟესტი იყო, როდესაც გამოხატა სურვილი, სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტის სასახლეში ემასპინძლა
თამარ ჩუგოშვილი - გიორგი მარგველაშვილის მხრიდან კარგი ჟესტი იყო, როდესაც გამოხატა სურვილი, სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტის სასახლეში ემასპინძლა

ვფიქრობ, მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მხრიდან კარგი ჟესტი იყო ძალიან, როდესაც გამოხატა სურვილი, რომ ეს შეხვედრა ჩატარებულიყო და ამ ფორმით მომხდარიყო გადაბარება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა  პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე კომენტარისას განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის მხრიდანაც იგივე სურვილი იყო გამოთქმული.

„ზოგადად, ინსტიტუციური მემკვიდრეობა, მეხსიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა მგონი ხელს შეუწყობს იმას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი, ფუნქციები და მანდატი ისე გადაიცემოდეს ერთი პირიდან მეორე პირზე, რომ ეს არ მოხდეს რაღაც გარკვეული განხილვების, ზედმეტი დაძაბულობის საბაბი და საგანი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში დღეს შედგა.

ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს.