თამარ ჩუგოშვილი - გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირების მხრიდან რეციდივის მაჩვენებელი ძალიან დიდია
თამარ ჩუგოშვილი - გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირების მხრიდან რეციდივის მაჩვენებელი ძალიან დიდია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებული პირების მხრიდან რეციდივის მაჩვენებელი ძალიან დიდია.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესი არაფერ შუაშია, უმრავლესობა მხოლოდ ფაქტებით საუბრობს.

“მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება ინდივიდუალური აქტია და მისი გამოყენება ინდივიდუალურ შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, გიორგი მარგველაშვილის მიერ 3600-ზე მეტი პირია შეწყალებული, მათ შორის 82 პროცენტი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ბრალდებული პირია. 500-ზე მეტ შეწყალებულ პირს დანაშაული ხელახლა აქვს ჩადენილი. ანუ, რეციდივის მაჩვენებელი ძალიან დიდია. ხელახლა ჩადენილ დანაშაულებს შორის დიდი რიცხვია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, მათ შორის ოჯახში ძალადობაზე. ეს ობიექტური პრობლემაა და შეწყალების პოლიტიკა პრობლემური გახდა. ამაზე საუბარს პოლიტიკური სპეკულაციები არ სჭირდება, ეს ფაქტებია და თუ იმას ვამბობთ, რომ კრიმინალთან ეფექტური ბრძოლა გვინდა, პოლიტიკა რომელიც შეწყალებაზე მივიღეთ, საზოგადოების ამ სურვილს ხელს არ უწყობს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.