თამარ ჩუგოშვილი - გიორგი გახარიას მიმართ მთავარი კითხვები პანკისის ხეობისა და დავით გარეჯის თემებს შეეხება
თამარ ჩუგოშვილი - გიორგი გახარიას მიმართ მთავარი კითხვები პანკისის ხეობისა და დავით გარეჯის თემებს შეეხება

ვფიქრობ, გიორგი გახარიას მოხსენება და შესაბამისად კითხვებიც, იქნება არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე, არამედ, უფრო ფართოდ, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მინისტრის საათის ფორმატში გიორგი გახარიას ხვალისთვის დაგეგმილ მოხსენებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას მიმართ დეპუტატების შეკითხვები შეეხება პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, ასევე დავით გარეჯის თემას.

,,რამდენიმე აქტუალური თემაა დღის წესრიგში. შესაბამისად, მთავარი კითხვები იქნება პანკისის ხეობის შესახებ და დავით გარეჯის საკითხზე.

ჩვენთვის ასევე საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს პროცესი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეფორმების თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვაკვირდებით. კონკრეტული საქმეები და ბოლო მოვლენებიც, ისევე როგორც რეფორმები, არის პარლამენტისთვის საინტერესო”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვარაუდობს, რომ გიორგი გახარიას მოსმენა პარლამენტში იქნება ხანგრძლივი.

„ვფიქრობ, რომ კითხვებიც იქნება მრავალფეროვანი და განხილვაც ალბათ საინტერესო”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შს მინისტრს, გიორგი გახარიას მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში ხვალ ელოდებიან.