თამარ ჩუგოშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა 
თამარ ჩუგოშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან შეხვედრისას, საუბარი ძირითადად საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო. მან ამის შესახებ პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ძირითადად საუბარი საკონსტიტუციო რეფორმას და ვენეციის კომისიის დასკვნას შეეხებოდა. ძალიან პოზიტიური და კარგი შეხვედრა იყო. შენიშვნები არ ჰქონიათ, გარკვეული კითხვები ჰქონდათ, საკონსტიტუციო რეფორმამ და იმ ცვლილებებმა, რაც ახლაა ინიცირებული და კენჭი დეკემბერში ეყრება, ზუსტად ვენეციის კომისიის რეკომენდაციის რა ნაწილი დაფარა. ვენეციის კომისიაც ევროსაბჭოს ორგანოა და მათთვის კარგად არის ცნობილი განსაკუთრებით ევროსაბჭოს თანამშრომლებისთვის ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ მოგვცა და რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ ჰქონიათ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა კერსტინ ლუნდგრენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვრცელ კომენტარს ვიზიტის ბოლოს გააკეთებს.

„ჯერჯერიბით იმას ვიტყვი, რომ თბილისში ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა. ამ შეხვედრებს ვაგრძელებთ და ბოლო განცხადებას უკვე ვიზიტის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ“, – აღნიშნა მან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.