თამარ ჩუგოშვილი - ევროსაბჭომ თავისი გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს
თამარ ჩუგოშვილი - ევროსაბჭომ თავისი გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს

რუსეთმა ყველაფერი გააკეთა წლების განმავლობაში, რათა ევროპის საბჭო, როგორც ორგანიზაცია, დაესუსტებინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„რამდენიმე წელია, რუსეთს აქვს მცდელობა, რომ თავი აარიდოს  სანქციებს, არ შეასრულოს არც ერთი ვალდებულება, რომელიც მას აქვს დაკისრებული უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით. გუშინ ევროსაბჭომ რუსეთს ამაზე უარი უთხრა. ევროსაბჭომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ევროსაბჭოში მიღებული სხვადასხვა რეზოლუციებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და თუ რუსეთს უნდა, რომ დარჩეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად,  უნდა დაიწყოს ვალდებულებების შესრულება.

„მათი მუქარა, რომ დატოვებენ ევროსაბჭოს, არარეალურია. ვფიქრობ, რომ რუსეთს სჭირდება აღიდგინოს ის ზიანი, რაც წლების განმავლობაში მის რეპუტაციას მიადგა. მთავარია, რომ ევროპის ქვეყნები იყვნენ პრინციპულები, როდესაც საქმე რუსეთს ეხება. გუშინ მათ დაიკავეს ეს პრინციპული პოზიცია და ამიტომ, მათი გუშინდელი გადაწყვეტილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა. ​