თამარ ჩუგოშვილი - ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომლითაც პოლიტიკური ძალა კანდიდატებზე გადაწყვეტილებას იღებს, გამარჯვების შანსებია
თამარ ჩუგოშვილი - ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომლითაც პოლიტიკური ძალა კანდიდატებზე გადაწყვეტილებას იღებს, გამარჯვების შანსებია

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომლითაც პოლიტიკური ძალა კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, გამარჯვების შანსებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბუნებრივია, პირველ რიგში, ყველა ამას აქცევს ყურადღებას და მათ შორის იმას, როგორ შეძლებენ ადამიანები, ამომრჩეველთან კონტაქტი დაამყარონ, კომუნიკაციაში შევიდნენ, მათი ნდობა მოიპოვონ და ა.შ. რაც შეეხება იდეოლოგიურ შეხედულებებს და ა.შ, ზოგადად პარლამენტში, იდეოლოგიური სიჭრელე არ გვაკლია. საქართველოს პარლამენტში ყველანაირი იდეოლოგიის ადამიანი და ყველანაირი აზრია წარმოდგენილი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად თავსებადია ლადო კახაძის პოლიტიკური გემოვნება „ქართულ ოცნებასთან“, რადგან მისივე განცხადებით, ის უფრო ცენტრისტია და მარჯვნივ არის გადახრილი, „ქართული ოცნება“ კი დეკლარირებულად მემარცხენე პარტიაა.

ჩუგოშვილმა აქვე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ მრავალფეროვანი წარმომადგენლობაა.

შეკითხვაზე, სად მოიხარშა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ლადო კახაძის კანდიდატურის დაყენების საკითხი და მოხდა თუ არა ეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ პოლიტსაბჭომდე გადაწყვეტილებები გარკვეულ გზას გადის.

„პარტიას თავისი ლიდერშიპის ხაზი ჰყავს. ბუნებრივია, ჯერ იქ გადის ხოლმე ამ კანდიდატებზე საუბარი ასე ვთქვათ, პირველად ფილტრს და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას იღებს პოლიტსაბჭო. თავიდან სხვა გვარებზეც იყო საუბარი. სამწუხაროდ, მე არ ვყოფილვარ პოლიტსაბჭოზე, რადგან ღონისძიება გვქონდა და დღევანდელი პოლიტსაბჭო გამოვტოვე, მაგრამ ამაზე საუბარი მანამდეც იყო და ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდა. დასაწყისში, როდესაც დისკუსია დაიწყო, სხვა გვარებზეც იყო საუბარი, მაგრამ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. მე დღეს პოლიტსაბჭოზე არ ვყოფილვარ, მაგრამ სხვა აზრი არ გამიგია და ვფიქრობ, ეს ყველას ერთობლივი გადაწყვეტილება იყო“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, დააბნევს თუ არა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველს კანდიდატების ფართო სპექტრი, რაც იქ არის წარმოდგენილი და ამომრჩევლის კონკრეტულად რომელ სეგმენტზე მუშაობს „ქართული ოცნება“, ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ სხვა შემთხვევებში ბევრად უფრო დიდი სიჭრელეა ხოლმე და მათი ამომრჩეველი სიჭრელით ვერ დაიბნევა.

„მე ქართველ ამომრჩეველზე ძალიან მაღალი აზრის ვარ, რადგან ქართველი ამომრჩეველი ყველა არჩევნებში სწორად და ადეკვატურად იქცევა ხოლმე. ამიტომ, მგონია, რომ ყველა არჩევნებში ყველაზე კარგი ტესტი და სწორი ინდიკატორი ამომრჩევლის ნებაა და მათ შორის, ახლაც ასე იქნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.