თამარ ჩუგოშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ შეუწყოს ხელი ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის შემცირებას
თამარ ჩუგოშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ შეუწყოს ხელი ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის შემცირებას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველო წინ მიდის ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად საზოგადოების დამოკიდებულება იყოს შესაბამისი და ხელი შეუწყოს ამ პრობლემის შემცირებას. ამის შესახებ ჩუგოშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შეფასებისას ისაუბრა.

„ეს კვლევა საინტერესოა იმიტომ, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი თვითონ ამ პრობლემასთან გამკლავების. რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება საზოგადოების დამოკიდებულება ამ თემების მიმართ.

გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, ცვლილება შევიდა 20-ზე მეტ კანონში. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც კი არ აქვს ეს კონვენცია რატიფიცირებული, მაგრამ ჩვენთან კანონმდებლობა არის გამართული, შეიქმნა შსს-ში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ გამოძიებას განსაკუთრებული სენსიტიურობა ჰქონდეს მსგავსი საქმეების მიმართ.

ვფიქრობ, რომ ქვეყანა ცალსახად, უფრო წინ მიდის ძალადობასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად საზოგადოების დამოკიდებულება იყოს შესაბამისი და საზოგადოებამაც ხელი შეუწყოს ამ პრობლემის შემცირებას“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის თანახმად, ქალების 22%-ს და კაცების 31%-ს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია.