თამარ ჩუგოშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს
თამარ ჩუგოშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოსმენების გრაფიკს დაამტკიცებენ.

კანონმდებლები მინისტრებს კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში მოუსმენენ, შემდეგ კი საკითხი უკვე პლენარულ სხდომაზე გავა.

არსებული ინფორმაციით, საკომიტეტო ფორმატში მინისტრების მოსმენა 20 დეკემბერს იგეგმება, ხოლო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება 21 დეკემბერს მოხდება, თუმცა მანამდე ბიუროს დღევანდელ სხდომას მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს.

მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა კენჭისყრამდე დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუსმენენ. იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტმა საშემოდგომო სესია გასულ კვირას დახურა, პარლამენტს მოუწევს, რიგგარეშე სხდომების მოწვევის მიზნით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართოს.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გახდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ხოლო ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

რაც შეეხება სხვა უწყებებს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო გაუქმდა, რომელიც კულტურის სამინისტროს შეუერთდა. ასევე გაუქმდა ენერგეტიკის სამინისტრო, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეუერთდა, რომლის ხელმძღვანელად ლევან დავითაშვილი დაინიშნა.

ამასთან, გაუქმდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც საგარეო უწყებას შეუერთდა, ხოლო ვიქტორ დოლიძემ საქმიანობა დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელა.