თამარ ჩუგოშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამარჯვება იყო ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ
თამარ ჩუგოშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამარჯვება იყო ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ

იმ დროის განმავლობაში, რაც მე წარმოვადგენ საქართველოს დელეგაციას, ძალიან დიდი გამარჯვება იყო საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანაა და რომელიც წლებია უკვე არღვევს სხვადასხვა ვალდებულებებს, რაც დაკისრებული აქვს ევროსაბჭოს მხრიდან, – განაცხადა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციისთვის, რომლებიც იგივე თემებს ლობირებდნენ, მაგალითად, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთისთვის, ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

„მნიშვნელოვანი იყო ასევე რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა ე.წ ნაცრისფერ ზონებში ანუ ჩვენ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობას და მონიტორინგის დაშვების საკითხს. ჩვენ ამ სესიის განმავლობაში შეხვედრები გვქონდა დამკვირვებლებთან, რომლებიც ჩამოდიან ევროსაბჭოს ასამბლეიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და ასევე, მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან და მომხსენებლებთან, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. საერთო ჯამში, ძალიან ნაყოფიერი სესია იყო. ამ კვირის განმავლობაშიბევრი რამ შევძელით, რაც რთულად მიღწევადი იყო და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ევროსაბჭოში“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.