თამარ ჩუგოშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სრულდება პირველ ტურში
ვინაიდან ეგზიტპოლის შედეგები 50 პროცენტს მნიშვნელოვნად სცდება, ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნები პირველ ტურში დასრულდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
„მგონი, ჩვენი ოპონენტები თავიანთ კვლევებში ასცდნენ სერიოზულად. ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს მიღმა ასცდნენ, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენი კვლევის ცდომილების მაქსიმალური შესაძლებლობა 2,6 პროცენტია. ვფიქრობთ, რომ ამ ფარგლებში შესაძლებელია იყოს განსხვავებული შედეგი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლებელია ეგზიტპოლების ცდომილება ოფიციალურ შედეგებთან 2,6 პროცენტის ფარგლებში იყო, თუმცა არა ამ ნიშნულის მიღმა.
„ბუნებრივია, სერიოზულ განსხვავებას არ ველოდებით. ჩვენი მოლოდინია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სრულდება პირველ ტურში, თუმცა რთულია საბოლოო განცხადების გაკეთება, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლას არ დაიწყებს და არ გამოაქვეყნებს თავის შედეგებს. ცესკო ის ორგანოა, რომელსაც ლეგიტიმური უფლება აქვს, არჩევნების შედეგების შესახებ ოფიციალური მონაცემები მოგვაწოდოს. ყველამ პატივი ინდა ვცეთ მათ კომპეტენციას. 2,6 პროცენტის ფარგლებში მეორე ტურის ჩატარების შანსი არსებობს, თუმცა ვინაიდან 50 პროცენტს ეგზიტპოლის შედეგები მნიშვნელოვნად სცდება, ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნები პირველ ტურში დასრულდეს. ვერაფერს გამოვრიცხავ, სანამ ცესკო თავის სიტყვას არ იტყვის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა არ არსებობს. „ფსიქო პროექტის“ კვლევების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს, „ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის მეორე ტურია მოსალოდნელი.