თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ საპარლამენტო კონტროლის გაზრდას მთავრობაზე
თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ საპარლამენტო კონტროლის გაზრდას მთავრობაზე

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

პირველი ვიცე-სპიკერი თავს იკავებს კონკრეტულ გვარებსა და იმ კონკრეტულ უწყებებზე საუბრისგან, სადაც შესაძლოა, ცვლილება განხორციელდეს.

ამასთან, მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს თავად აქვს სურვილი, დატოვოს თანამდებობა და ეს გუნდის პოზიცია არ ყოფილა.

„თავად აქვს სურვილი, რომ დატოვოს თანამდებობა. ეს არ ყოფილა გუნდის პოზიცია. აღნიშნული გადაწყვეტილება თავად აქვს მიღებული. ალბათ თავად ისაუბრებს ამაზე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამასთან მისი თქმით, დაგეგმილია მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდა.

„ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ საპარლამენტო კონტროლის გაზრდას მთავრობაზე. ასე რომ, ახალ პრემიერ-მინისტრს ველოდებით ბევრად უფრო ხშირად და აქტიურად. ბევრი გამოწვევა და პრობლემა ხვდება ახალ გუნდს და იმედია, ერთად გავართმევთ თავს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. 

ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 13 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.