თამარ ჩუგოშვილი - აშშ-ის ყურადღება საქართველოს მიმართ ძალიან მაღალია
თამარ ჩუგოშვილი - აშშ-ის ყურადღება საქართველოს მიმართ ძალიან მაღალია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ყურადღება ძალიან მაღალია, რაც კარგი და სასურველია, რადგან ქვეყანას ასეთი ყურადღება სჭირდება.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი მაიკ პომპეოს გზავნილებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სრულიად გასაგები და ლოგიკურია, რომ მისი მხრიდან იმ საკითხების ხაზგასმა მოხდა, რაშიც აშშ საქართველოში შიდა პროცესების თვალსაზრისით ყველაზე მეტად არის ჩართული.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას უკავშირდება. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები ეს არის. რაც შეეხება შიდა და დემოკრატიულ პროცესებს, ამ გზავნილების გაჟღერება ბუნებრივიც არის, მათ შორის საპარლამენტო და სასამართლო რეფორმაზე. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ყველა ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად თანამშრომლობს. წლების განმავლობაში, ამერიკა მართლმსაჯულების საკითხებზე რეფორმების განხორციელებას სხვადასხვა ფორმით, ტექნიკური დახმარებით მხარს უჭერდნენ. ის, რომ საქართველოს შიდა საკითხებზეა აქცენტი გაკეთებული, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ყურადღება საქართველოს მიმართ ძალიან მაღალია, რაც კარგი და სასურველია, რადგან ასეთი ყურადღება გვჭირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს. მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საქართველოს არ მოაკლდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

დატოვე კომენტარი