თამარ ჩუგოშვილი - არის ევროპარლამენტარების რეკომენდაციები თემებზე, სადაც დამატებით გვაქვს სამუშაო და ეს ნორმალურია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის დოკუმენტში განსაკუთრებული ცვლილებები არ იქნება. მისი თქმით, არის ევროპარლამენტარების რეკომენდაციები თემებზე, სადაც დამატებით აქვს ქვეყანას სამუშაო და ეს ნორმალურია.
„განსაკუთრებულ ცვლილებებს ამ დოკუმენტში არ ველოდებით. არის რამდენიმე ცვლილება მომზადებული, მაგრამ პრინციპული მნიშვნელობის არცერთი არაა. საერთო ჯამში, დოკუმენტი არსებობს და იმ სახით იქნება მიღებული, რა სახითაც ჩვენ ვიცით. ეს დოკუმენტი ძალიან პოზიტიურად აფასებს საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. არის თემები და რეკომენდაციები, სადაც ჩვენ დამატებით გვაქვს სამუშაო და ეს ნორმალურია. რომ ვთქვათ, აღარ არის სამუშაო, მაშინ არაადეკვატურები ვიქნებით. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. გასაგრძელებელია მაგალითად მართლმსაჯულების რეფორმა, ჩვენთვის ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ყველა რეკომენდაცია, მაგრამ ასევე, სასიხარულოა ის, რომ გუშინდელი დებატებიდან და ანგარიშიდან გამოჩნდა, რომ საქართველო არის სანიმუშო და არის ქვეყნები, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან მას. შეგვიძლია, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ეს გვიხაროდეს, გვეამაყებოდეს და დანარჩენი ე.წ. საშინაო დავალებაა, უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა განვაგრძოთ რეფორმები მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს კენჭს დღეს უყრიან.