ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს კენჭს უყრიან
ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს კენჭს უყრიან

ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს კენჭს უყრიან, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

აღნიშნული ანგარიში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 13 ნოემბერს განიხილეს. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოს შესახებ ანგარიში და დებატები, რომელშიც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა, დადებითად აფასებს საქართველოსთან თანამშრომლობას, ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებას.

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველომ ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით ძალიან პოზიტიური შეფასება მიიღო. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტარების გამოსვლები საქართველოს მიმართ მხარდამჭერი იყო.

ანგარიშში შეფასებულია საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე. დოკუმენტი მომზადდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურისა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრების საფუძველზე.

როგორც დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილშია აღნიშნული, ანგარიში დადებითად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაჭრას არსებული პრობლემები, რომლებიც უკავშირდება შრომით უფლებებს, გარემოს დაცვას, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციას.

ანგარიშში გამოთქმულია ევროპარლამენტის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების პროცესში.