თამარ ჩუგოშვილი - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას უახლოეს დღეებში ველოდებით, ზუსტი თარიღი ძალიან რთული სათქმელია
თამარ ჩუგოშვილი - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას უახლოეს დღეებში ველოდებით, ზუსტი თარიღი ძალიან რთული სათქმელია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის რუსეთისადმი მიმართვისა და არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე ახალ ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პრემიერის რუსეთისადმი მიმართვის თემის კომეტირებისას განაცხადა.

„ამ თემასა და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია მე სამწუხაროდ არ მაქვს.

როგორც იცით, ველოდებით ცხედრის უახლოეს დღეებში გადმოსვენებას, თუმცა ზუსტად როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით ჩემთვის ძალიან რთული სათქმელია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.

„სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის“, – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.