თამარ ჩუგოშვილი - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავარმა პროკურორმა აიღო
თამარ ჩუგოშვილი - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავარმა პროკურორმა აიღო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე დადგა და ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავარმა პროკურორმა აიღო, რაც მისი გადადგომით გამოიხატა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამ განაპირობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა.

მისი თქმით, დღეს სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კონკრეტულ პირთან მიმართებით მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

„ბუნებრივია, ტრაგიკულია ის, რომ სამწუხაროდ, ახალგაზრდები ერთმანეთს კლავენ; ძალიან მძიმეა, როცა მძიმე დანაშაულის გახსნის პროცესში გამოძიებასთან ათეულობით ადამიანი არ თანამშრომლობს და ძალიან მძიმეა ისიც, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობელს ექვსი თვის შემდეგ, ჯერ კიდევ უწევს იმაზე საუბარი, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მართლმსაჯულებას მიცემული არ არიან და ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულებული არ არის“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ხელისუფლებამ გარდაცვლილის ოჯახს და საზოგადოებას პირობა მისცა, რომ ეს საქმე სრულყოფილად იქნება გამოძიებული და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცემიან.

„ვინაიდან მოვლენები ასე განვითარდა, პროცესები ასე გაგრძელდა და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, საქართველოს პარლამენტს, როგორც პოლიტიკურ ორგანოს უკვე დამატებითი როლი ეკისრება, რომ ამ კონკრეტულ საქმეში უფრო ღრმად ჩაიხედოს. ჩვენ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ და პარლამენტი იღებს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში იმაში ჩაიხედოს, რომ თუ მართლაც არსებობს რამე საფუძველი ვიფიქროთ, რომ ხდებოდა ხელის დაფარება და ა.შ, ან რამე მსგავსი კითხვები არსებობდა, ეს კითხვები ბოლომდე მოიხსნას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, კომისიაში წარმოდგენილი იქნება არა „ქართული ოცნება“, არამედ მთელი პარლამენტი და ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ვინც მონაწილეობის მზაობა გამოთქვა.

„ძალიან მაღალი გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობებში, ეს ფორმატი საშუალებას იძლევა, ყველამ ერთად ვნახოთ, იყო თუ არა ამ ვნებათაღელვისთვის საფუძველი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნამდვილად იყო. მეორე მხრივ, პარლამენტი უზრუნველყოფს იმას, რომ ამ საქმეში მართლმსაჯულების განხორციელებაზე თავისი პოლიტიკური ტვირთი აიღოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.