თამარ ჩუგოშვილი - არ ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამოყენება გვემუქრება 
თამარ ჩუგოშვილი - არ ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამოყენება გვემუქრება 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ ემუქრება. ამასთან, ის მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, პატივისცემით მოეკიდონ მონაპოვარს, რომელსაც შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ჰქვია. აღნიშნული განცხადება თამარ ჩუგოშვილმა ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებს განიხილავენ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული მონაპოვარის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პირველ რიგში, მიგვეღო უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან და ახლა გააკეთებს ყველაფერს, რათა შეინარჩუნოს ეს მიღწევა. მე არ ვფიქრობ, რომ შეჩერების მექანიზმის გამოყენება გვემუქრება, მაგრამ მოქალაქეებიც თუ დაგვეხმარებიან და ბოროტად არ გამოიყენებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს, ძალიან უხეშად და ცუდი ფორმით, მათ შორის კრიმინალის ჩადენის გზით არ დაარღვევენ ევროპულ ქვეყნებთან შეთანხმებას, ეს ძალიან შეგვიწყობს ხელს.

ხელისუფლება სხვადასხვა ზომას მიმართავს, რომ ასეთი დარღვევები აღიკვეთოს, შემცირდეს და ნაკლები პრობლემები შეექმნათ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები უსაფრთხოება და მიგრაციაა. მინისტრები ყურადღებას გაამახვილებენ არსებული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე, იმ ზომებზე, რომელთა განხორციელებაც შესაძლოა, საჭირო გახდეს. არსებული ინფორმაციით, გერმანული მხარე შეხვედრაზე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რიცხვის ზრდის საკითხსაც დააყენებს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე  გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზიერმა განაცხადა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა შემაშფოთებელია. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ამის შესახებ ინფორმირებულია და აკეთებს ყველაფერს, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო არ გაიზარდოს.

შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მორგან იოჰანსონმა კი აღნიშნა, რომ ის მომავალ კვირაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდება, რომელიც შვედეთში ჩასვლას გეგმავს. მისი თქმით, საქართველოს შს მინისტრთან თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე ისაუბრებს, ასევე, განიხილავს, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების საკითხს, რომლებიც ევროპაში ქურდობისთვის ჩადიან. იოჰანსონის განცხადებით, ამ მხრივ, შვედეთში იდენტიფიცირებულია ოთხი ქვეყანა – რუმინეთი, ლიტვა, პოლონეთი და საქართველო.