თამარ ჩუგოშვილი - არ ველოდი, თუ საარჩევნო სისტემაზე ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა მიღწეული
თამარ ჩუგოშვილი - არ ველოდი, თუ საარჩევნო სისტემაზე ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა მიღწეული

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემის თაობაზე ასეთი მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევის მოლოდინი არ ჰქონდა.

მედიასთან საუბარში ჩუგოშვილმა სამი კომპონენტისგან შემდგარი შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი რამ მოხდა. რომ არ მოგატყუოთ, არ ველოდი, თუ ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა მიღწეული. სამი ძალიან მნიშველოვანი კომპონენტისგან შედგება ეს შეთანხება, რასაც თანხმდება ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობდა ამ შეხვედრებში. ეს არის შემდეგი პროპორცია – 120/30-ზე ერთპროცენტიანი ბარიერი და პრინციპი, რომ პარტია, რომელიც ვერ იღებს 40 პროცენტს, ვერ აკომპლექტებს მთავრობას. გარდა ამისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე თემა, რომელიც ეხება სამართლიანი სასამართლოს თემას, მართლმსაჯულების საკითხებსა და იმ საქმეებს, რომლებიც ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა პირველ რიგში ელჩებს და პროცესში მონაწილე ყველა პარტიას კონსტრუქციულობისა და სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომისთვის.

„ეს არის საერთო შეთანხება, ყველა ის საკითხი, რომელზეც მთელი ამ თვეების განმავლობაში მიდიოდა შეთანხება, აისახა ერთ დოკუმენტში. ანუ, ყველამ დათმო რაღაც, ყველა წამოვიდა კომპრომისზე – მმართველი პარტია, სხვა ოპოზიციური პარტიებიც, ჩვენც, ყველამ გარკვეულწილად რაღაც დავთმეთ, კომპრომისზე წავიდა ყველა პარტია და ის საერთო შეთანხმების წერტილი რაც იქნა მიღწეული, აისახა წერილობითი ფორმით, რომელიც  ჩვენი ხელმოწერით დადასტურდა“ ,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.