თამარ ჩუგოშვილი - ამომრჩეველი დეპუტატს პოლიტიკურად აფასებს, ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრმა ეთიკის ელემენტარული ნორმები არ უნდა დაიცვას
თამარ ჩუგოშვილი - ამომრჩეველი დეპუტატს პოლიტიკურად აფასებს, ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრმა ეთიკის ელემენტარული ნორმები არ უნდა დაიცვას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ რეგლამენტის დონეზე, საკანონმდებლო ორგანოში ეთიკის საბჭოს არსებობა აუცილებელია.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა დოკუმენტის მხარდაჭერაზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვეს, რომ პროექტში ეთიკის საბჭო იყო ნახსენები.

„დოკუმენტში საბჭოს შენარჩუნება მნიშვნელოვანია და არ ვაპირებ, ამაზე უარი ვთქვა. მიდგომაა, რომ არჩეული დეპუტატი ვარ და ამომრჩეველი შემაფასებს, მაგრამ ამომრჩეველი კანდიდატს პოლიტიკურად აფასებს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრმა  ეთიკის ელემენტარული ნორმები არ უნდა დაიცვას. ეთიკის საბჭოს რეგლამენტში არსებობა ვინმეს დაკნინებას არ ნიშნავს. მსოფლიოში არც ერთი ცივილიზებული პარლამენტი არ არსებობს, სადაც ეთიკის საბჭო არ მუშაობს. მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას დავეყრდენით“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

პირველი ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, დეპუტატის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევაზე გათვალისწინებულია სანქციის სამი ფორმაა.

„შეიძლება სანქციების ნაწილს გადავხედოთ, რადგან ყველაზე მეტი შენიშვნა ამ თვალსაზრისით იყო, მაგრამ სტანდარტებზე უარის თქმა სწორი არ იქნება“, – დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება ეთიკის საბჭოს, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით, ეთიკის საბჭო პოლიტიკური პარტიების კვოტებით დაკომპლექტდება და კანონმდებელთა მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევაზე იმსჯელებს, გათვალისწინებულია სანქციებიც.