თამარ ჩუგოშვილი - ნაბიჯები უნდა გადადგან პროკურატურამ, სასამართლომ და ერთ კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტმა
თამარ ჩუგოშვილი - ნაბიჯები უნდა გადადგან პროკურატურამ, სასამართლომ და ერთ კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტმა

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საზოგადოება კონკრეტულ საქმეებზე ან მართლმსაჯულების პროცესზე, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ან დაძაბულობას ქმნის, გარკვეული ნაბიჯებისა და ქმედებების განხორციელებას უნდა ელოდოს.

ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილმა ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებებსა და პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმებაზე გაამახვილა.

დეპუტატის ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესში საუბარი ორ თემაზე იყო და შემთხვევითი არ არის, რომ ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი.

„ერთი დოკუმენტი არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული და ამ თვალსაზრისით კითხვები და გაუგებრობები არ არის, რადგან ძალიან მკაფიოდ და ნათლად წერია პირობები, რაზეც შეთანხმება მოხდა. მეორე ნაწილი დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეებთან და მართლმსაჯულებასთან. ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ან საკითხმა გარკვეული ბუნდოვანება გამოიწვია.
ამ დოკუმენტის ხელმოწერა იმან განაპირობა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო სისტემასთან ერთად საუბარი იყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე. მათი მხრიდან აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ შეთანხმება ვერ მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღების გარეშე. ასეთი სახის დოკუმენტში კონკრეტული გვარები ვერ ჩაიწერებოდა, ეს გამორიცხულია. დიპლომატებთან გვქონდა საქმე და ვიცით, რომ დიპლომატიური ენა თავისი სპეციფიკით ხასიათდება. ასევე, არ მიკვირს, როცა უმრავლესობის განცხადებებს ვისმენ, რადგან ჩემთვის ესეც გასაგებია. ხელისუფლების წევრები ისეთ განცხადებებს ვერ გააკეთებენ, რომელიც გულისხმობს, რომ კონკრეტული პირი უნდა გამოვიდეს ციხიდან ან შევიდეს. ძალიან მოკლე ჩანაწერია, რომელსაც ყველამ ხელი მოვაწერეთ და რაც გულისხმობს შემდეგს – გადადგმული უნდა იყოს ნაბიჯები და უნდა განხორციელდეს კონკრეტული ქმედებები საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც მართლმსაჯულება ხორციელდება და, რომლებიც საარჩევნო პროცესს ჩრდილს აყენებს, ანუ იმ საქმეებთან მიმართებაში, რომელიც შეფასდა, როგორც პოლიტიკური სარჩულის მქონე ან რომელმაც განსაკუთრებული დაძაბულობა შემოიტანა საარჩევნო თემასთან დაკავშირებულ პროცესებში. ამ თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული. ეს ნაბიჯები საჯაროდ გადადგმული ვერ იქნება პარლამენტიდან და პარტიიდან, ნაბიჯები უნდა გადადგას პროკურატურამ, სასამართლომ და ერთ კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტმა. ველოდები, რომ ასეთი ქმედებები საქმეში უნდა დავინახოთ“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ჩუგოშვილის შეფასებით, თუ ისევ იქნება მცდელობა, ელჩების ხელმოწერილი პირობები არ შესრულდეს, ეს მმართველ გუნდს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოაჩენს.

„კონკრეტულ საქმეებზე ან მართლმსაჯულების პროცესზე, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს ან დაძაბულობას ქმნის, გარკვეულ ნაბიჯებსა და ქმედებებს უნდა ველოდოთ. რა თქმა უნდა, დოკუმენტში გვარები არ ეწერებოდა. აღარ არის იმის სივრცე, რომ ვინმე რამეზე არ წამოვიდეს, რადგან ეს ყველაფერი გუშინ გადაწყდა და განსაკუთრებულ გაუგებრობებს არ ველოდები“, – ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი.

ამასთან, მისივე თქმით, პოლიტიკოსობა იმუნიტეტს არ ნიშნავს, მაგრამ მართლმსაჯულება ბოროტად არ უნდა იყოს გამოყენებული ოპონენტების მიმართ.

„პოლიტიკოსობა იმუნიტეტს არ ნიშნავს, პირიქით, ათმაგი ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ უნდა იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მართლმსაჯულება ბოროტად არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. როცა საარჩევნო წელს აღმოჩნდება, რომ ყველა პოლიტიკურ ოპონენტს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავები, ამას დამაჯერებლად ვერ აკეთებ და თან იმ მოსამართლეების მიერ აკეთებ, რომლებიც ცოტა ხნის წინ აირჩიე, სიმართლეში ვერავის ვეღარ დააჯერებ და ინსტიტუტების მიმართ ნდობა არ არსებობს. სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ამ მოსამართლეების არჩევა და ისეთი საქმეების ამოწევა, სადაც აშკარა ხარვეზია. ზუსტად პოლიტიკოსებს უნდა მოეთხოვოთ ასმაგად, მაგრამ ყველაფერი სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა მოხდეს და ხელისუფლებამ ეს ისე არ უნდა გააკეთოს, რომ თავის სიმართლეში ვერავის დარწმუნება შეძლოს”, – დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.