თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები თუ იქნება, ეს ანგარიშში აისახება, რასაც გაგრძელება კონგრესში მოჰყვება
თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები თუ იქნება, ეს ანგარიშში აისახება, რასაც გაგრძელება კონგრესში მოჰყვება

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები იქნება და ასევე იქნება არჩევნების გაყალბების, მოსყიდვისა და დაშინების მცდელობა, ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აისახება, რასაც გაგრძელება კონგრესში მოჰყვება.

ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„კონგრესი ყოველ წელს იღებს როგორც თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, ისე აპროპეაციების აქტს. განსხვავებაა იმაში, რომ დოკუმენტი ყოველთვის არის საქართველოს მხარდამჭერი. ასევე ჩანაწერში ყოველთვის ნათქვამია, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები და ამერიკის შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს. სიახლე ის კონკრეტული ჩანაწერია, რომელიც აქამდე არ მახსენდება და ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში უნდა გააგზავნოს კონგრესში, სადაც ისაუბრებს დემოკრატიული მიმართულებით ქვეყანაში რა ხდება – ვითარდებით თუ არა, წინ მივდივართ, ადგილზე ვდგავართ თუ პირიქით, გაუარესება გვაქვს. ეს არის სიახლე და რას ნიშნავს? – უკვე ვხედავთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ორი ანგარიში აქვს წარსადგენი.

ასეთი ჩანაწერია აპროპეაციების აქტშიც და თავდაცვის ავტორიზაციის აქტშიც. ამ კანონებს კონგრესი ყოველ წელს იღებს და მხოლოდ ამ ორ კანონშია საქართველოსთან დაკავშირებით ჩანაწერი. ანუ, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტებია. ორივეში წერია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ასეთი ანგარიშები უნდა გააგზავნოს. კონკრეტული ვადაა განსაზღვრული და ეს არის 180 დღე. ეს ვადა გულისხმობს იმას, რომ შუალედში არჩევნები მოჰყვება. ე.ი. ჩვენთან არჩევნები როგორ ჩატარდება, ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს იმაზე, რა ეწერება იმ ანგარიშში, რომელსაც სახელმწიფო მდივანი გააგზავნის. ამაზე პირდაპირ იქნება გაკეთებული აქცენტი და ინტერესი – როგორ სრულდება საარჩევნო კანონმდებლობა, როგორი მედია გარემოა და ა.შ.

თუ იქნება არჩევნებზე დარღვევები და ისეთი ზომები გამოყენებული, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან, ეს აისახება და გააურესებს ანგარიშს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს წარდგენილი.

ცუდი ანგარიში გააუარესებს ურთიერთობას ქვეყნებს შორის. ეს არის კონკრეტული ბერკეტი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩაიწერა მნიშვნელოვან აქტში და ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნებიან, თუ არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები იქნება და ასევე იქნება მცდელობა არჩევნების გაყალბების და მოსყიდვის, დაშინების, ეს ანგარიშში აისახება, რასაც გაგრძელება კონგრესში მოჰყვება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.