თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, რა საკითხზე საუბრობს თეა წულუკიანი, რომლის გამოც შესაძლოა, მინისტრობიდან წავიდეს
თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, რა საკითხზე საუბრობს თეა წულუკიანი, რომლის გამოც შესაძლოა, მინისტრობიდან წავიდეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, რა საკითხმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, რომლის გამოც, შესაძლოა, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრობიდან გადადგეს.

ჩუგოშვილის თქმით, როგორც ჩანს, საკითხი იუსტიციის სამინისტროს შიდა თემაა.

„საკითხთან დაკავშირებით მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში მიმდინარე პროცესი. როგორც ჩანს, შიდა თემაა, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას უკავშირდება და შესაბამისად, მე არც კომპეტენცია მაქვს და არც მეხება ეს საკითხი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, მინისტრების დანიშვნა-გადაყენებაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ზოგადად, მინისტრების დანიშვნასთან ან გადაყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს არის მთლიანდ პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია. ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება და თვითონ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ არის თანამდებობეზე და ვინ არა. ასე რომ, ჩემგან ძალიან რთული იქნება ამაზე კომენტარის გაკეთება. მით უმეტეს, ჩემთვის არ არის ცნობილი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, ეს ხომ არ ეხება საკითხი შეწყალების კომისიას, პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა.

„ვერ გეტყვით ნამდვილად. შეწყალების კომისიას რაც შეეხება, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური,  კონსტიტუციური უფლებაა. შესაბამისად, მთავარი როლი უნდა შეასრულოს პრეზიდენტმა. რაც შეეხება შეწყალების თემას, მართლა არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, რა თემა გახდა განსახილველი ან სამსჯელო და რამ გამოიწვია შიგნით აზრთა სხვადასხვაობა. არ მაქვს ინფორმაცია და არც მეხება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

თეა წულუკიანმა დღეს იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას აქვს მყარი პოზიცია.  „თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – განაცხადა წულუკიანმა.