თამარ ჩუგოშვილი - 8 მარტის შეთანხმების დიდი ნაწილი შესრულებულად ჩაითვლება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, მართლმსაჯულების ნაწილს რაც შეეხება, ეს განგრძობადი ჩანაწერია
თამარ ჩუგოშვილი - 8 მარტის შეთანხმების დიდი ნაწილი შესრულებულად ჩაითვლება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, მართლმსაჯულების ნაწილს რაც შეეხება, ეს განგრძობადი ჩანაწერია

კარგი იქნებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ამდენი წვალება არ დასჭირვებოდა და ნომბერშივე დაგვემთავრებინა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა 8 მარტის შესახებ ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობს, რომ მართლმსაჯულების გამოყენება არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც სწორია.

„ნამდვილად ასეთი ჩანაწერია ამ შეთანხმებაში. ის საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, რომლებიც აკვირდებიან და კიდევ უფრო მეტად დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს, ამას მიაქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას. ჩვენ პრინციპში არაფერი დაგვისრულებია, პროცესს მხოლოდ და მხოლოდ ვიწყებთ. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, სამომავლოდ ხელისუფლება რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, არჩევნებში რა ფონით შევალთ, რამდენად გამართული და კანონთან შესაბამისი იქნება საარჩევნო გარემო, რა პროცესები წავა მართლმსაჯულებაში. ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება უშუალოდ არჩევნების შესაფასებლად და არჩევნების ლეგიტიმურობისთვის“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, მისი აზრით, სრულად შესრულდა თუ არა 8 მარტის შეთანხმება, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულად ჩაითვლება.

„8 მარტის შეთანხმების დიდი ნაწილი შესრულებულად ჩაითვლება, რადგან მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებები. კარგი იქნებოდა, ამდენი წვალება არ დასჭირვებოდა და ნომბერშივე დაგვემთავრებინა ეს ყველაფერი, მაშინ მართლა შეძლებდა საქართველოც და მმართველი გუნდიც ქულების ჩაწერას, მაგრამ ახლა ეს უკვე ბევრად გართულებულ მოცემულობაში მოხდა. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც შეეხება მართლმსაჯულების ნაწილს, ის არ არის ბოლომდე შესრულებული. ვერც იქნება ბოლომდე შესრულებული, რადგან ეს განგრძობადი ჩანაწერია. სანამ არჩევნებამდე არ მივალთ, თავის შეკავება უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერი ფორმით პოლიტიზებისგან. ეს არის, რაც წერია და ამას სამომავლოდაც დიდი მნიშვნელობა ექნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დღევანდელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და შეწყდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება.